15.10.11

როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი

ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა მიჩიო კაკუმ the times-სთვის მიცემულ ინტერვიუში საზოგადოებას მოუთხრო, რა ელის მსოფლიოს უახლოეს და შორეულ მომავალში. საგულისხმოა, რომ პროგნოზები რეალურ სამეცნიერო აღმოჩენებს ეფუძნება.


მიჩიო კაკუს პროგნოზით, უკვე 2030 წლისათვის მსოფლიოში ახალი ტიპის კონტაქტური ლინზები გაჩნდება, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ინტერნეტში შესვლა. ასეთი ხელსაწყოს პროტოტიპზე უკვე მუშაობს პროფესორი ბაბაკ ფარვიზი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან. ხელსაწყოს არა მარტო ცუდი მხედველობის მქონე ადამიანებს ჩაუმონტაჟებენ თვალში, არამედ სხვა ფუნქციასაც შესძენენ - ისინი მომხმარებლებს ვირტუალურ რეალობასაც უჩვენებენ. სათვალეს დაემატება სახეების სწრაფად გარჩევისა და უცხო ენებიდან ავტომატური თარგმნის ფუნქციებიც. ეს დაახლოებით ასე მოხდება:

თუ ვთქვათ, ლონდონში უცხოელს ჰკითხავთ, როგორ მოხვდეთ უახლოეს რესტორანთან, ის გიპასუხებთ, ხოლო ხმის ამომცნობი სპეციალური ტექნოლოგიები მის ნათქვამს გადათარგმნიან და ტექსტი პირდაპირ თქვენ თვალწინ გაჩნდება.

თავისუფლად გაიყიდება ასევე სხვადასხვა "სათადარიგო ნაწილი" ადამიანის ორგანიზმისთვის. დღეს უახლესი ტექნოლოგიები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, ლაბორატორიულ პირობებში ახალი ცხვირები, ყურები, სისხლძარღვები, გულის სარქველები, შარდის ბუშტები და ა.შ. "გამოზარდონ". ამ ტექნოლოგიებზე ენტონი ატალა მუშაობს უიკ-ფორესტის უნივერსიტეტიდან.

უკვე 20 წლის შემდეგ, საზოგადოება ტელეპათიის უნარს შეიძენს. დღეს მეცნიერებს უკვე შეუძლიათ პარალიზებულთა ტვინში სპეციალური მიკროსქემები ჩანერგონ, რომელთა მეშვეობითაც მათ შეეძლებათ მარტოოდენ აზრის ძალის გამოყენებით მართონ კომპიუტერები, წერონ ელექტრონული წერილები და ითამაშონ ვიდეოთამაშები. იაპონური კომპანია "ჰონდას" ინჟინრები უკვე ქმნიან რობოტებს, რომლებსაც პაციენტები აზრის ძალის გამოყენებით მართავენ. კედრიკ კეი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ მომავალში აუცილებლად გამოჩნდებიან ტელეპათები.

2070 წლისთვის მეცნიერები ფაუნის მრავალი წარმომადგენლის გაცოცხლებას აპირებენ. 25 წლის წინ დაღუპული ცხოველის დნმ-ით მეცნიერებმა ბრაზილიაში მისი კლონირება შეძლეს. ნეანდერტალელის გენომი უკვე გაშიფრულია და სამეცნიერო წრეებში ადამიანთა ამ სახეობის აღორძინებაზეც ალაპარაკდნენ.

მეცნიერები მუშაობენ ტექნოლოგიებზეც, რომელთა მეშვეობითაც მომავალში შესაძლებელი იქნება სიბერის გახანგრძლივება. შესაბამისი ექსპერიმენტები უკვე მიმდინარეობს მწერებსა და ზოგიერთ ცხოველზეც. თურმე, სიცოცხლის 30 პროცენტით გახანგრძლივება ძალიან ადვილია. ამისათვის საკმარისია გამოყენებული კალორიების 30 პროცენტით შემცირება.

2100 წლისთვის მსოფლიოში "დამაპროგრამებელი მატერიის" ტექნოლოგიები გაჩნდება. ყველას ახსოვს ფილმები "ტერმინატორი-2" და "მკვლელი რობოტი" - აი, დაახლოებით ამაზეა საუბარი: შეიქმნება მასალა, რომელთა ფორმასაც კომპიუტერები დააპროგრამებენ. უკვე არსებობს პაწია მიკროსქემები, რომლებიც იოლად გარდაიქმნებიან ელექტრული მუხტების ზემოქმედებით. მათ შეუძლიათ მიიღონ ქაღალდის ფურცლის, ფინჯნის, თეფშის ფორმა. გამორიცხული არაა, რომ მომავალში მთელი ქალაქები ღილაკის ერთი დაჭერით გაჩნდება.

უკვე 100 წლის შემდეგ კოსმოსური ხომალდებით ვარსკვლავებს მივაშურებთ. ყველაფერი კი იმ ფრჩხილისოდენა მიკროკომპიუტერებით დაიწყება, რომლებსაც მილიონობით დააგზავნიან მთელ კოსმოსში, სადაც ისინი თითქმის სინათლის სიჩქარით შეძლებენ გადაადგილებას. ეს მიკროკომპიუტერები უცხოპლანეტელების ძებნას შეუდგებიან და მათ დედამიწელებისგან გზავნილებსაც გადასცემენ. შემდგომ, ადამიანები ვარსკვლავური სივრცის კოლონიზაციასაც შეძლებენ.

100 წლის შემდეგ კაცობრიობა საბოლოოდ დაამარცხებს კიბოს. მომავალში ჩვენს უნიტაზებში ჩაამონტაჟებენ დნმ-ჩიპებს, რომლებიც სიმსივნეს ნაადრევ სტადიაზე აღმოაჩენენ, რის შემდეგაც ადამიანის ორგანიზმში "მწმენდავებს" - სპეციალურ ნანოკომპიუტერებს გაუშვებენ და მას სიმსივნური უჯრედებისგან გაასუფთავებენ.

როდნი ბრუკსი, (მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი), ამბობს, რომ მომავალში ჩვენი სხეულები რადიკალურ გენეტიკურ ცვლილებებს დაექვემდებარება. ხოლო ჩვენ გარშემო გონიერი ადამიანის მაგვარი რობოტები იქნებიან. ისინი ისეთ სრულყოფილებას მიაღწევენ, რომ ძნელად გასარჩევი იქნებიან ადამიანებისგან. ის კი არა, თავად ადამიანებიც ნაწილობრივ კიბორგებად გადაიქცევიან.

ნანა ჩარკვიანი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)