20.10.11

რუსი მილიარდერები, უცხოპლანეტელებისგან თავის დასაცავად, ბუნკერებს იშენებენ


კაცობრიობის აღსასრული: ნოსტრადამუსის ცნობით ეს 2001 წელს უნდა მომხდარიყო, შემდეგ „მაიას“ ტომის წინასარმეტყველება გაიშიფრა და გვითხრეს, რომ 2012 წლამდე არაფერი გვემუქრებოდა. მოდის 2012 წელი და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორ თვეში უცხოპლანეტელები მოუახლოვდებიან დედამიწას და საკვებ პროდუქტად გამოგვიყენებენ. შემდეგ, სად იყო და სად არა, პლანეტა ნიბირუ გამოჩნდა, რომელიც თურმე ყველაზე დიდი ამოუცნობი მფრინავი ობიექტია და ახლა, ჩვენი აღსასრულის უკანასკნელ ვადად 2034 წელი  ფიქსირდება.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები, ერთ–ერთი სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ ხვალ, დედამიწაზე მცხოვრებთა 98 პროცენტი ჯოჯოხეთში ამოყოფს თავს. “ნასა” კი ირწმუნება, რომ აღსასრული 2013 წელს იქნება და ხვალ გადარჩენილ 2 პროცენტსაც მომავალ წელს უცხოპლანეტელები შეჭამენ.
ამ თემაზე მთელი მსოფლიო საუბრობს. ცნობილი გამომცემლობები ამტკიცებენ, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების დიდი რაოდენობა განლაგებულია დედამიწის თავზე. მათი რიცხობრივი მაჩვენებელი 300 ხომალდია და თურმე, ყველაზე დიდი ობიექტის დანახვა დედამიწიდანაც ყოფილა შესაძლებელი. საზოგადოების ნაწილისთვის ეს სასაცილოა, ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი, ნაწილი კი დეპრესიაში არის ჩავარდნილი და მართლაც ელოდება მოსალოდნელ აღსასრულს.
ალბათ ყოველივეს ღიმილით უნდა შევხედოთ, თუმცა ყველაზე ბანალურ ჭორშიც ხომ არის გარკვეული სიმართლე:
სასულიერო პირი ამერიკის შეერთებული შტატებიდან: ნიუ–იორკი, 20 ოქტომბერი, 90 წლის სასულიერო პირი კალიფორნიიდან, ჰაროლდ კემპინგი ირწმუნება, რომ კაცობრიობის აღსასრული 21 ოქტომბრის 18:00 საათზე დადგება.
„ხვალ, დედამიწის მოსახლეობის თითქმის 98 პროცენტი, პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდება. დარჩენილი ორი პროცენტი კი სამოთხისკენ გაემგზავრება. მიცვალებულები საფლავებიდან წამოდგებიან. თუმცა, ზუსტად პროცენტებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან, შესაძლოა, ადამიანების გარკვეული რაოდენობა დედამიწაზე ცოტა ხნით დარჩეს, რათა ჩადენილი მძიმე ცოდვებისთვის პასუხი აგოს და დედამიწაზე მიმდინარე საშინელი მოვლენების მომსწრე გახდეს.“ – აღნიშნავს კემპინგი.
კემპინგამდე იყო ნასა, რომელიც გვარწმუნებდა: ვაშინგტონი, 27 სექტემბერი. უკანასკნელ დროს, საგრძნობლად გაიზარდა მზის აქტივობა, მაქსიმალურ ზღვარს კი იგი 2013 წელს მიაღწევს.

მეცნიერების გარკვეული ნაწილი ირწმუნება, რომ ამ მოვლენას გლობალური კატასტროფები უკავშირდება და მათთვის ეს საკმაოდ რეალური პერსპექტივაა.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტები, ოკეანეებისა და ატმოსფერული პროცესების საკითხებში, აცხადებენ, რომ მზის ზედაპირზე მომხდარ აფეთქებებს, დედამიწაზე ელექტრომაგნიტური იმპულსების გამოწვევა შეუძლია, რომელიც კაცობრიობის აღსასრულს დაუდებს საფუძველს.
როგორც მოგახსენეთ, საზოგადოებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სრულიად სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებები არსებობს. ერთ–ერთი იტალიელი მცველი კი იმათ რიგს მიეკუთვნება, რომელსაც ამ ზებუნებრივი ისტორიებისა და ფაქტების სჯერათ. შედეგად კი, ამ უკანასკნელმა , საკუთარი რწმენის გამო სამსახური დაკარგა. დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ნორმალურმა ადამიანმა ასეთი „სისულელეები“ არ უნდა დაიჯეროს.

Bloomberg–მა კი, შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: რუსმა მილიარდერებმა, ბუნკერების აშენება დაიწყეს, რათა უცხოპლანეტელებისგან თავის დაცვა მოახერხონ. „ტერორიზმის საფრთხე ბუნკერების აშენების ერთ–ერთი საუკეთესო პირობაა, მაგრამ აპოკალიფსი – უკეთესია“, – აღნიშნავს გამომცემლობა.
რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, რუსეთში ბუნკერების შენება სამი წლის წინ დაწყებულა. ამჯერად კი, ერთი ოთახის (აპარტამენტის) ღირებულება, 400 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.
რუსეთში სამშენებლო კომპანია „სპეცგეოპროექტი“ არსებობს, რომელმაც უკვე ააშენა თხუთმეტი ბუნკერი. კომპანიის ხელმძღვანელი ანდრეევი აღნიშნავს: „პირადად მე, მოსალოდნელი აღსასრულის არ მჯერა. თუმცა, მათთვის, ვისაც დაჯავშნული აქვს ადგილი, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. დაიცავს ტერორისტული საფრთხისგან, ბუნებრივი კატაკლიზმებისგან და რა თქმა უნდა, უცხოპლანეტელებისგანაც.“
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც აშენებს ბუნკერებს, როგორც საკუთარ, ასევე, ევროპის ტერიტორიაზე. თუმცა, რუსეთში არსებული ბუნკერებისგან განსხვავებოთ, „მადე ბაი უსას“ ბუნკერები მხოლოდ 25 ათასი ამერიკული დოლარი ღირს. ამერიკელები კი აღნიშნავენ: „დიდი რაოდენობით შეკვეთებს ვიღებთ. მათი უმრავლესობა რუსეთიდანაა“, – როგორც ჩანს რუსები უცხოპლანეტელებმა ძალიან შეაშინეს.
ყოფილმა სამხედრო ინჟინერმა, ევგენი უბიიკომ სპეციალური კაფსულა შექმნა, რომელმაც იგი აპოკალიფსის დროს უნდა გადაარჩინოს. ინჟინერი ირწმუნება, რომ კაფსულა წყლის ზედაპირზე ცურვას მოახერხებს და წყლის სიღმეშიც ნებისმიერ მომენტში შეძლებს ჩასვლას. მისი თქმით, კაფსულაში ოთხი ადამიანი ორმოცი დღის მანძილზე სრულიად უპრობლემოდ იარსებებს.
ალბათ კიდევ უამრავი მსგავსი ფაქტია დაფიქსირებული. ადამიანების ნაწილი ჩუმად ემზადება აღსასრულისთვის, ნაწილს კი საერთოდ არ აშინებს აღნიშნული ვითარება. არავინ იცის რა, როგორი და როდის იქნება აპოკალიფსი. რა მოუვა კაცობრიობას და რა ბედი ეწევა ჩვენს პლანეტას. ზოგადად ხომ ყოველ ოც წელიწადში ერთხელ გვარწმუნებენ, რომ ათი წლის შემდეგ არმაგედონია მოსალოდნელი. მაგრამ კაცობრიობა მაინც ინტერესდება ამ ჭორებით, წინასწარმეტყველებებითა და მეცნიერული დასკვნებით, წლიდან წლამდე და მოსალოდნელი აპოკალიფსიდან აპოკალიფსამდე.


წყარო: http://www.presa.ge/