15.10.11

კენედი სიკვდილამდე 10 დღით ადრე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა

ცოტა ხნის წინ აშშ-ში პრეზიდენტ ჯონ კენედის წერილები გამოქვეყნდა. წერილიდან ირკვევა, რომ კენედი სიკვდილამდე 10 დღით ადრე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ საიდუმლო დოკუმენტების ნახვას ითხოვდა. წერილის ადრესატი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორია. წერილი 1963 წლის 12 ნოემბრით თარიღდება. უფოლოგებმა მაშინვე გამოთქვეს მოსაზრება, რომ კენედი იმ ადამიანებმა მოკლეს, რომელთაც უცხოპლანეტელების შესახებ სიმართლის გამჟღავნება არ სურდათ.

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ორი წერილი გამოაქვეყნა. წერილების გამოქვეყნება მწერალმა უილიამ ლესტერმა მოითხოვა. როგორც გამოქვეყნებული წერილებიდან ირკვევა, კენედიმ ერთი წერილი - ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში, მეორე კი ”ნასაში” გაგზავნა. 

ნასაში გაგზავნილ წერილში კენედი ითხოვდა, საბჭოთა კავშირთან კოსმოსის ათვისების სფეროში ეთანამშრომლათ. 

”კენედის ის ფაქტი აშფოთებდა, რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბევრ ამოუცნობ მფრინავ ობიექტს აფიქსირებდნენ. მას ეშინოდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებას ეს ობიექტები შეცდომით ამერიკის აგრესიის ნიშნებად არ მიეჩნია. ალბათ, ამიტომაც კენედის სურდა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ინფორმაცია მიეღო და ის ნასას წარმოებაში გადაეტანა. ამის მიზანი იყო საბჭოთა კავშირისთვის ეთქვათ, პროვოკაციებს არ ვაწყობთო”, - განაცხადა ლესტერმა ინტერვიუში. 

ორივე წერილის ფოტოასლი "დეილი მეილმა" გამოაქვეყნა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/