20.10.11

ახალმა თეორიამ სატურნის რგოლების გაჩენა ახსნა



აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის ასტრონომთა ჯგუფმა რობინ კენაპის ()Robin Canup ხელმძღვანელობით სატურნის რგოლების ფორმირების ახალი თეორია წარმოადგინა, რომელიც პლანეტის თანამედროვე თანამგზავრების თავისებურებებისა და ზონდის კასინი უკანასკნელი დაკვირვებების შეკავშირების შესაძლებლობას პირველად იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ სატურნის რგოლები XVI საუკუნეში იყო აღმოჩენილი, აქამდე მათი ბუნებისა და აგებულების ახსნა შეუძლებელი იყო.


რგოლების ფორმირების მექანიზმის მთავარი საიდუმლო მათი შემადგენლობაა. თუ კი რგოლების წარმოქმნისთვის მასალა სატურნის გრავიტაციით დანგრეული ერთ-ერთი თანამგზავრი იყო, მაშინ რგოლები როგორც მინიმუმ მყარი მინერალური ქანებისგან იქნებოდნენ შემდგარნი, რომლებიც ხშირად გვხვდება მეტეორებსა და მზის სისტემის სხვა მყარ ციურ სხეულებში. დაკვირვებები კი გვიჩვენებს, რომ იმ ნივთიერების 90-95% რომლისგანაც პლანეტის რგოლები შედგება წყლიანი ყინულია.


მეცნიერების მიერ ჩამოყალიბებული თეორია ხსნის, თუ რატომ განსხვავდება რგოლების ქიმიური შემადგენლობა ნაწინასწარმეტყველებისა და დღეისათვის მიღებული თანამგზავრებისა და პლანეტების ფორმირების მოდელებისგან. მეცნიერები თვლიან, რომ მილიარდობით წლის წინათ სატურნმა რამოდენიმე თანამგზავრი შთანთქა, რომელთაგან ერთადერთი ტიტანი გადარჩა. სატურნის ფორმირების შემდეგ — დაახლოებით 4,5 მლრდ წლის წინათ — მის გარშემო რამოდენიმე დიდი თანამგზავრი ბრუნავდა, რომელთაგან თითოეული ერთნახევარჯერ დიდი იყო მთვარეზე. პლანეტის გრავიტაციის ზეგავლენით თანდათანობით თანამგზავრები აიროვანი გიგანტის წიაღში ვარდებოდა. ორბიტიდან აცილების პროცესში თანამგზავრები თანდათანობით ინგრეოდნენ და კოსმოსში მსუბუქ ყინულოვან ნაწილაკებს ტოვებდნენ, მაშინ როდესაც მძიმე მინერალები პლანეტის მიერ იყო შთანთქმული. შემდეგ ყინულს მომდევნო თანამგზავრის გრავიტაცია იტაცებდა და ციკლი თავიდან მეორდებოდა. როდესაც სატურნმა უკანასკნელი თანამგზავრი «შთანთქა» პლანეტის გარშემო ყინულოვანი ღრუბელი წარმოიქმნა, რომლის ფრაგმენტების დიამეტრი 1-დან 50 კმ-მდეა. გასული 4,5 მლრდ წლის განმავლობაში ყინულის თოშები ურთიერთშეჯახებისას სეტყვის მარცვლების ზომამდე მცირდებოდნენ, ან პლანეტის მიერ იყვნენ შთანთქმულნი ან ასტეროიდებთან და კომეტებთან ურთიერთქმედების შედეგად დაიკარგნენ. «ეს მოდელი გვიჩვენებს, რომ სატურნის თანამგზავრებისა და რგოლების თანამედროვე სისტემა ჩამოყალიბდა იმ მოვლენების შედეგად, რომელთა გამოც ტიტანი, პლანეტის ერთ-ერთი პირველი თანამგზავრი აიროვანი გიგანტის ერთადერთი მსხვილი თანამგზავრია», – ამბობს კენაპი.