21.10.11

იუპიტერის თანამგზავრები


იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრები — დღეისთვის აღმოჩენილი 63 დიდი თუ მცირე ციური სხეული, რომელიც იუპიტერის გარშემო მოძრაობს.


შეუიარაღებელი თვალით არც ერთი სხვა პლანეტის მთვარე არ ჩანს. მეტიც უტელესკოპოდ თვით შორეული გიგანტი პლანეტები - ურანი და ნეპტუნიც კი მიუწვდომელია თვალისათვის, არათუ მათი მთვარეები. ამიტომ არის დაკავშირებული სხვა ”მთვარეების” აღმოჩენა გალილეო გალილეის სახელთან. თითქმის ოთხასი წლის წინათ, ამ იტალიელმა მეცნიერმა თვითნაკეთი მარტივი ჭოგრიტით ერთბაშად იუპიტერის ოთხი მთვარე აღმოაჩინა. მათ უწოდეს: იო, ევროპა, განიმედე და კალისტო. იო და ევროპა დაახლოებით ჩვენი მთვარისოდენა სხეულებია და დაახლოებით იმავე მანძილზე უვლიან გარს იუპიტერს, როგორც მთვარე - დედამიწას: იო - 420 ათას, ევროპა კი - 671 ათას კმ-ზე (შეგახსენებთ, რომ მთვარიდან დედამიწამდე 384 400 კმ-ია). საინტერესოა იუპიტერის გარშემო მათი გარშემოვლის პერიოდები, ანუ ”თვეები”: იოს ”თვე” სულ 1 დღე და 18 საათია, ევროპასი - 3 დღე და 13 საათი, (მთვარის თვე 27 დღეა!). ბარემ ვთქვათ, იუპიტერის დღე-ღამე (ღერძული ბრუნვის პერიოდი) ორნახევარჯერ მოკლეა ჩვენს დღე-ღამეზე, მისი წელიწადი კი (მზის ირგვლივ გარემოქცევის პერიოდი) 12 ჩვენებურ წელიწადს უდრის. იუპიტერის სხვა თანამგზავრები - განიმედე და კალისტო მთვარეზე თითქმის ორჯერ დიდებია, ხოლო მათი ”თვეები” შესაბამისად 7 და 17 დღეა.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იუპიტერს სხვა თანამგზავრებიც ჰყოლია, ოღონდ გაცილებით პატარები. ზოგი მათგანი დიდი ტელესკოპებით იპოვეს, ზოგსაც კოსმოსურ ხომალდმა ”ვოიაჯერ-2”-მა მიაკვლია, რომელიც უშუალოდ 1980 წელს ”ესტუმრა” იუპიტერის მიდამოებს. მათგან ყველაზე შორეული ”მთვარეა” სინოპე, რომელიც იუპიტერიდან 24 მლნ. კმ მანძილზეა და მისი ”თვე” (მოქცევის პერიოდი) დედამიწის ორი წელიწადია. სინოპე სულ რაღაც 28 კმ ზომისაა, და რა თქმა უნდა ძალზე უღიმღამო მნათობია. რომელსაც ვარსკვლავებში ვერც კი გამოარჩევ. ასევე პატარებია იუპიტერის სხვა მთვარეები: ლედა, ჰიმალია, ლისითეა, ელერა, ანანკე, კარმე, პაციფუ...სამაგიეროდ, გალილეის აღმოჩენილი ოთხი კაშკაშა მთვარე იუპიტერის ღამეებს, დედამიწისეულისაგან განსხვავებით, ბევრ განსაკუთრებულ, წარმტაც მოვლენას შესძენს: ზოგი სავსე მთვარის ფაზაში იქნება, ზოგი ნახევარმთვარის ან მილეული ნამგლის სახით იელვარებს; ერთი რომ ჩავა, მეორე ამობრწყინდება და შეიძლება ერთმანეთიც დააბნელონ. მთვარეთა დაბნელებები თუ ამ სხეულებით გამოწვეული მზის დაბნელებებიც იუპიტერზე გაცილებით ხშირი იქნება, ვიდრე დედამიწაზე.