– დედამიწის არსებობის მანძილზე ასტეროიდის ჩამოვარდნის შემთხვევა ოდესმე ყოფილიყო?
– სხვადასხვა პერიოდში ასტეროიდების დედამიწასთან შეჯახება ხდებოდა. მაგალითად, არიზონას შტატში არის კრატერი, რომლის დიამეტრი 1.250 მეტრია, სიღრმე – 175 მეტრი. ის კოსმოსიდანაც კარგად ჩანს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კრატერი 50 ათასი წლის წინ სწორედ ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად წარმოიშვა. კრატერები სხვა ადგილებშიც აღმოაჩინეს. თითოეულ მათგანს ასტეროიდის დაცემის კვალი აშკარად ეტყობა. მეცნიერების გარკვეული ჯგუფის ვარაუდით, 65 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენების მიზეზი სწორედ ასტეროიდი გახდა, რადგან მისმა ჩამოვარდნამ დედამიწაზე გლობალური კატაკლიზმები გამოიწვია. მეცნიერებმა პირველად ასტეროიდი 1801 წელს დაინახეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მზის გარშემო ბევრი ასტეროიდი მოძრაობს.
– ზოგადად ასტეროიდები რას წარმოადგენენ, როგორ წარმოიქმნენ?
– ადრე ვარაუდობდნენ, რომ ერთ–ერთი პლანეტა დაიშალა და ასტეროიდები სწორედ მისი ნარჩენებია. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ეს ნატეხები თავიდანვე არსებობდა. უბრალოდ ისინი ვერ შეერთდნენ და პლანეტა ვერ წარმოქმნეს.
– დაახლოებით რა რაოდენობის ასტეროიდი მოძრაობს კოსმოსში?
– რამდენიმე ათეული ათასია. ასტეროიდების სარტყელი ძირითადად მარსსა და იუპიტერს შორის გადის. იუპიტერი ჩვენს სისტემაში ყველაზე დიდი პლანეტაა და მას ძალიან დიდი გრავიტაციის, მიზიდულობის ძალა აქვს. ასტეროიდები თავიანთ ორბიტას სწორედ იუპიტერის მიზიდულობის ძალის გავლენით ქმნიან.
– რომელია დედამიწისთვის ყველაზე სახიფათო ასტეროიდი?
– ასეთი დაახლოებით 150 ასტეროიდია აღმოჩენილი. მათი ორბიტა უახლოვდება ან კვეთს დედამიწის ორბიტას. შორეულ მომავალში შესაძლებელია ასტეროიდების დედამიწასთან შეჯახება მოხდეს, მაგრამ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა. ეს შეიძლება დაახლოებით მილიონი წლის შემდეგ მოხდეს.
– სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებში დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების ზუსტ თარიღებსაც კი ასახელებენ. ასეთი პანიკა რატომაა ატეხილი?
– პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ამბობენ, რომ 2019 წელს ასტეროიდი 2002 ნტ7 ჩამოვარდება. ზუსტი ცნობები დიდი ასტეროიდების შესახებ არსებობს, მაგრამ ეს შედარებით პატარაა. იმ ასტეროიდების დიამეტრი, რომელთა დედამიწასთან შეჯახების საფრთხე არსებობს, დაახლოებით კილომეტრია. ზუსტად რომ შეისწავლონ 2002 ნტ7–ის ორბიტა, ანუ როდის გადაკვეთს ის დედამიწას, დაახლოებით ათი წლის დაკვირვებაა საჭირო. ასეთი პატარა ასტეროიდების ორბიტები ცვალებადია. მათზე გავლენას ახდენს როგორც მზის სხივები, ანუ ე. წ. მზის წნევა, ასევე სხვა პლანეტების გრავიტაცია. ამ ასტეროიდმა შეჯახებამდე შესაძლებელია ტრაექტორია შეიცვალოს. თუკი შეჯახება მაინც მოხდა, გლობალურ კატასტროფას არ გამოიწვევს. შეიძლება ცუნამი წარმოიქმნას ან მიწისძვრები მოხდეს, მაგრამ დედამიწაზე სიცოცხლე რომ გაწყვიტოს, ამხელა ასტეროიდი ნამდვილად არ არის.
როგორც მიწისძვრების შესაფასებლად იყენებენ რიხტერის სკალას, ასევე არსებობს სპეციალური ტურინული სკალა, რომელიც შეისწავლის, რამდენად რეალურია ამა თუ იმ ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა. სწორედ ამ სკალის მიხედვით, 2002 ნტ7–ის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა ერთი ათასთან არის, ანუ ათასიდან ერთი შანსია. ასე რომ, სანერვიულო არაფერია.
– წინასწარ ყველა ასტეროიდის პროგნოზის გაკეთება შეიძლება?
– ყველაზე ძნელი იმ ასტეროიდების პროგნოზის გაკეთებაა, რომელთა დიამეტრი რამდენიმე მეტრია. არსებობს ასტეროიდი 2004 მნ4, რომელსაც პუერტო რიკოს ობსერვატორიაში აკვირდებიან. 2004 წლის დეკემბერში ნასა–ს წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2029 წლის 13 აპრილს დედამიწას შეიძლება სწორედ ეს ასტეროიდი შეეჯახოს. მისი დიამეტრი 396 მეტრია. თუ მისი შეჯახება მართლაც მოხდება, ცუნამისა და ნგრევას გამოიწვევს, თუმცა ტურინული სკალის მიხედვით, ამ ასტეროიდის შეჯახების ალბათობა ერთი სამასთან არის.
– ნასა–ს მონაცემზე უფრო სარწმუნოა ტურინული სკალა?
– ეს საერთაშორისო სკალაა, რომელიც ნასა–ს მონაცემების საფუძველზეც იქმნება. იმასაც ამბობდნენ, რომ 2009 წლის აგვისტოში მარსს ასტეროიდი შეეჯახებოდა. ამის შანსი 40–დან ერთი იყო. როგორც ხედავთ, არავითარი შეჯახება არ მომხდარა. არის ასტეროიდი, რომლის სახელია აპოფიზი, მას 270 მეტრი დიამეტრი აქვს. 2036 წელს მისი დედამიწასთან შეჯახების ალბათობა არსებობს, თუმცა ამის შანსი 45 ათასიდან ერთია.
– ხომ შეიძლება რაღაც პერიოდში ისინი დედამიწაზე ჩამოვარდნენ და იგივე განმეორდეს, რაც ადრე მოხდა?
– დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახება რომ ხდებოდა, იმ ხანაში არავითარი ტექნიკური საშუალება არ არსებობდა, რომ საფრთხე აეცილებინათ.
– ახლა ამის შესაძლებლობა არის?
– საფრთხე იმდენად მცირეა, რომ რაიმე აქტიურობასა და კოსმოსში ხომალდების გაგზავნას აზრი არ აქვს, თუმცა საშიშროება რეალური თუ გახდება, მეცნიერები მის თავიდან აცილებას შეძლებენ.
– მაინც როგორ შეძლებენ, რა საშუალებები არსებობს?
– არსებობდა ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, გააგზავნიდნენ რაკეტას ბირთვული მუხტით, რომელიც ასტეროიდს ააფეთქებდა. ეს თეორია ასტრონომებმა თავიდანვე უარყვეს, რადგან შეიძლება ასტეროიდი პატარ–პატარა ნაწილებად დაიშალოს და ატმოსფეროში გაიშალოს. ისინი დედამიწას მაინც დაეცემა, წვიმასავით წამოვა. ეს კი მართლაც გლობალური სახის კატასტროფას გამოიწვევს. მეორე თეორიის თანახმად, ასტეროიდი პირდაპირი დაჯახებით არ უნდა ააფეთქონ. მის გვერდით უნდა ააფეთქონ ბირთვული მუხტი, რომელიც მის ორბიტას ტრაექტორიას შეუცვლის. კალიფორნიის ლორენსის ნაციონალურ ლაბორატორიაში ასეთი აფეთქების მათემატიკური მოდელირება მოახდინეს. თეორიულად ბომბი ასტეროიდიდან 250 მეტრის მანძილზე ააფეთქეს. ამან ასტეროიდის სიჩქარე საგრძნობლად შეცვალა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დედამიწაზე არ დაცემულიყო და ტრაექტორია შეეცვალა.
სხვა თეორიაც არსებობს. შესაძლებელია რამდენიმე თანამგზავრის გაშვება, რომლებიც სარკეებს ასტეროიდისკენ ისე მიმართავენ, რომ მზის სხივების ანარეკლი ასტეროიდის ერთ–ერთ გვერდს დაეცემა. ასტეროიდზე ტემპერატურა მოიმატებს, გაცხელდება, მოხდება გაზის გამოტყორცნა, რაც ისეთ ენერგიას წარმოშობს, რომელიც ასტეროიდს ტრაექტორიას შეუცვლის. ასე რომ, არსებობს ტექნიკური საშუალებები იმისთვის, რომ საფრთხე თავიდან ავიშოროთ.
– დედამიწასთან დიდი ასტეროიდების შეჯახების საფრთხე არსებობს?
– გიგანტური ასტეროიდების, რომელთა დიამეტრი კილომეტრს აღემატება, ორბიტა დედამიწასთან არ იკვეთება და არც უახლოვდება. ამისგან დედამიწას იუპიტერი იცავს. ამ პლანეტას მხოლოდ სიკეთე მოაქვს. მას თავისი მიზიდულობის ძალით დიდი დიამეტრის მქონე ასტეროიდები უჭირავს. ასე რომ, კოსმოსში ყველაფერი გაწონასწორებულია.
– მაშინ რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი?
– ეს იმით არის გამოწვეული, რომ მეცნიერებმა უბრალოდ გამოთქვეს ვარაუდი, რომ ასტეროიდების დედამიწასთან შეჯახების ალბათობა არსებობს, სხვა დანარჩენი კი ალბათ ჟურნალისტებს უნდა მოვკითხოთ. ეს მათი აგორებულია თეორიაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფესიონალი ასტრონომები და მოყვარულები გაერთიანდნენ. ისინი ზეცას 24 საათის რეჟიმში აკვირდებიან, რომ პატარა ზომის ასტეროიდი არ გამოეპაროთ. მისი აღმოჩენა ძალიან ძნელია, დედამიწასთან მოახლოებამდე მხოლოდ სამი–ოთხი დღით ადრეა შესაძლებელი. ზოგი ასტეროიდი იმდენად პატარაა, რომ დედამიწის მკვრივ ფენებში შემოსვლისას შეიძლება მთლიანად დაიწვას.
– ასეთი მცირე ზომის ასტეროიდების წვიმა რომ წამოვიდეს, ამის შანსი არსებობს?
– არა, ასეთი შანსი იმდენად მცირეა, რომ ლაპარაკიც არ ღირს. ასტეროიდების წვიმა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება წამოვიდეს – თუ მას ააფეთქებენ. ეს იქნება ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ასტეროიდების წვიმა, რომელსაც მართლაც დამანგრეველი ეფექტი ექნება.
ირინე მჭედლიძე http://sana.ge/